საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა - ვახტანგ გომელაურმა სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანთან - არმენ გრიგორიანთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი ბუთხუზი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი - გივი თუმანიშვილი.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა და არმენ გრიგორიანმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა.
შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის მშვიდობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას, ასევე, რეგიონული დიალოგის არსებობას ეკონომიკის, ვაჭრობის, კულტურისა და სხვა მიმართულებების განვითარებაში.