შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მრავალეროვნული სწავლების - „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის დახურვას დაესწრო. ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საჩვენებელი სწავლება და დახურვის ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე- არჩილ თალაკვაძე, თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - გრიგოლ ლილუაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი - კელი დეგნანი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საქართველომ საერთაშორისო სწავლება „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ უმასპინძლა. იგი მიზნად ისახავდა საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესებას, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანას. სწორედ ამიტომ, წლევანდელი სწავლების მთავარი გზავნილი იყო - „ძალა პარტნიორობაშია“.
საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ 7-18 სექტემბრის ჩათვლით, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა.
სწავლების ამოცანა იყო საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.
მრავალეროვნულ წვრთნაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა.