საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობას იღებენ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ტრენინგში თემაზე „ინტეგრირებული რისკების მართვა“. ტრენინგში აგრეთვე მონაწილეობას ღებულობენ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
სწავლება მიზნად ისახავს შვეიცარიაში არსებული ბუნებრივი ხასიათის საგანგებო სიტუაციების რისკების მართვის მეთოდოლოგიის შესწავლას, რომელიც ეფუძნება საფრთხეების შეფასების და გამოსახვის გეოინფორმაციულ სისტემებს. მიმდინარე ტრენინგი მნიშვნელოვანია რისკების შემცირების სფეროში ქართველ და შვეიცარიელ ექსპერტებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების თვალსაზრისით.
ტრენინგი ტარდება გარემოს ეროვნულ სააგენტოში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში და იგი 28 თებერვალს დასრულდება.