შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, სვანეთის პოლიცია პატრულის ეკიპაჟებით გაძლიერდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის (ზემო სვანეთი) რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ წარუდგინა.
მესტიის (ზემო სვანეთი) რაიონულ სამმართველოს ლაშა ბაკურაძე უხელმძღვანელებს. მას შინაგან საქმეთ სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე, ბოლოს იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი იყო.
მესტიის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეებად დაინიშნენ: ზაზა ელბაქიძე და ზურაბ ლომიტაშვილი. სვანეთის რეგიონში, ასევე, ახალი ხელმძღვანელები ეყოლება უბნის ინსპექტორთა განყოფილებას, ხაიშის, ბეჩოს და იფარის პოლიციის განყოფილებებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი გაიზარდა. 30 აპრილიდან დაბა მესტიაში საპატრულო პოლიციის 2 ეკიპაჟი ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხოებას 24 საათის განმავლობაში დაიცავს.
მესტიის პოლიციის სამმართველოში საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული და საკადრო ოპტიმიზაციის/რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ცვლილებების მიზანია ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საპოლიციო ოპერატიული მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა.