მიმდინარე წლის 29 აპრილს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თელეთის განყოფილებაში შემოვიდა შეტყობინება, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს პოლიგონზე ორი მოქალაქე - 1994 წელს დაბადებული ე.მ. და 1987 წელს დაბადებული ი.გ. დაშავდა.
შეტყობინების საფუძველზე დაწყებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორმა სამოქალაქო პირმა, ამკრაძალავი ნიშნების მიუხედავად, პოლიგონის ტერიტორიაზე მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია, სადაც იპოვა მცირე ზომის მეტალის ნივთი, სავარაუდოდ, ჭურვი, რომელიც ერთ-ერთმა მათგანმა იქვე მოისროლა, რა დროსაც ეს ნივთი აფეთქდა. მომხდარის შედეგად, ორივემ სხეულის დაზიანება მიიღო. დაშავებული მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მათ სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.