შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ციხისჯვრის ბაზაზე, სამთო მომზადების ზამთრის შუალედური კურსის დახურვის ღონისძიება გაიმართა.
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ჭაბაშვილმა, დირექტორის მოადგილემ ვასილ რევიშვილმა, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის მოადგილემ პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ და პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცეს.
სასწავლო კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.
სწავლებას თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.
სამთო მომზადების ზამთრის შუალედური ოთხკვირიანი სასწავლო კურსის განმავლობაში სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეისწავლეს დაშავებულისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა და საევაკუაციო საშუალებების გამოყენება, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნისთვის საჭირო ხელსაწყოების გამოყენება, თოვლში თავშესაფრის მოწყობა, ტექნიკური სრიალი გაუკვალავ თოვლში.
სასწავლო კურსის მიზანს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის თანამშრომელთა სამთო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება წარმოადგენს.