შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ციხისჯვრის ბაზაზე სამთო მომზადების ზამთრის შუალედური კურსის დახურვის ღონისძიება გაიმართა.
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა სწავლების მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცეს.
სასწავლო კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. სწავლებას პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.
შუალედური ოთხკვირიანი სასწავლო კურსი დაბა ბაკურიანში მიმდინარეობდა. ტრენინგის მონაწილეებმა შეისწავლეს დაბრკოლებაზე მოწყობილი გადასასვლელების გამოყენება, მაღალ მთაში სროლა, საევაკუაციო საშუალებების გამოყენება, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და განსაკუთრებულად ცივ პირობებში მოქმედება, თხილამურებით გადაადგილება სათხილამურო ტრასასა და გაუკვალავ თოვლში, ზვავის რისკების შეფასება, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძიების მეთოდები.
სასწავლო კურსის მიზანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთა სამთო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება.