შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა შალვა ბებიაშვილმა უკრაინის ქალაქ ლუცკში გამართულ ძალისმიერი სპორტის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა.
ჩემპიონატი ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული და მასში 18 ქვეყნის 470 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
ქართველმა ძალოსანმა საერთაშორისო ტურნირში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელთან, ილია ქოჩიაშვილთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით, წარმატებით იასპარეზა.
შალვა ბებიაშვილმა 125 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში, სამჭიდის ყველაზე გავრცელებულ ორ სახეობაში – წოლჭიმსა და შტანგის ამოწევაში 2 ოქროს მედალი მოიპოვა. მან წოლჭიმში მაქსიმალური - 190 კგ, ხოლო შტანგის ამოწევაში კი 280 კგ დაძლია.
გამარჯვებულ სპორტსმენებს აეროპორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები დახვდნენ.
შალვა ბებიაშვილი საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონია.