შინაგან საქმეთა სამინისტროში სოციალური კამპანიის – „შეიკარი ღვედი“-ს და კამპანიის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე, მისი მოადგილე ლევან მაჭავარიანი, ექსპერტები – შალვა ოგბაიძე, დავით მესხიშვილი და ვიდეორგოლში მონაწილე ცნობილი სახეები: გივი ბერიკაშვილი, რობი კუხიანიძე, სამორი ბალდე და ანი ტყებუჩავა ესწრებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 10 თებერვლიდან იწყებს სოციალურ კამპანიას „შეიკარი ღვედი“. კამპანიის შესახებ მომზადებული ვიდეორგოლი ორი კვირის განმავლობაში სატელევიზიო და რადიო ეთერებში, ასევე, კინოთეატრებში – „რუსთაველსა“ და „ამირანში“ განთავსდება. კლიპში მონაწილე ცნობილი სახეები მძღოლებს საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვისა და დამცავი ღვედის გამოყენებისკენ მოუწოდებენ.
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა გამართულ პრეზენტაციაზე საზოგადოებას გააცნო სტატისტიკური მონაცემები, რომელიც დამცავი ღვედის გამოყენების შედეგად ავტოსაგზაო შემთხვევების დროს სიკვდილიანობის შემცირებას ასახავს.
ასევე კამპანიის ფარგლებში, სოციალურ ქსელში ჩატარდება კონკურსი და გამოვლინდებიან გამარჯვებულები – საუკეთესო დიზაინის, ფოტოსა და სლოგანის ავტორები. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა 24 თებერვლამდე უნდა გამოაგზავნონ თავიანთი ნამუშევრები სოციალური კამპანიის „ფეისბუკი“-ს ოფიციალურ გვერდზე „შეიკარი ღვედი“. კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მობილური ტელეფონებით – „Iphone 5“-ით დაასაჩუქრებს.