შინაგან საქმეთა სამინისტროში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეოთხე სხდომა გაიმართა. სხდომაზე საბჭოს წევრმა უწყებებმა „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის“ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების 2013-2014 წლების ანგარიში წარადგინეს და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული შედეგების შენარჩუნების, გაუმჯობესებისა და არსებული მექანიზმების დახვეწის მიზნით შეიქმნა. საბჭოს შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებისა და მთავარი პროკურატურის შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელები, თავმჯდომარე უწყება კი შინაგან საქმეთა სამინისტროა.
უწყებათშორისი საბჭოს ფუნქციებია: „ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის“ განახლება და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება, ასევე, მის განხორციელებაზე მონიტორინგი, უწყებათშორისი საქმიანობის კოორდინაცია, შესაბამისი წინადადებებისა და დასკვნების შემუშავება.