შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და შსს-ს სადარაჯო ხომალდმა „სოხუმმა“ ყოველწლიურ საერთაშორისო საზღვაო სწავლებაში „SEA BREEZE–2017“ მონაწილეობა მიიღეს.
სწავლება პროგრამის - „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის (USEUCOM) ორგანიზებით, უკრაინის ქალაქ ოდესაში ჩატარდა.
ტრენინგის ძირითადი მიზანი იყო აშშ-ს და ნატოს გაერთიანებული სწრაფი რეაგირების ძალების ოპერაციის მხარდაჭერა და შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის, საზღვაო ძალებს შორის თანამშრომლობის და კოორდინაციის ამაღლება.
სწავლებაში, ასევე, მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, ბულგარეთის, კანადის, გერმანიის, საბერძნეთის, რუმინეთის, უკრაინის, მოლდოვის, პოლონეთის, აზერბაიჯანის, ბელგიის, საფრანგეთის, ნორვეგიისა და შვეიცარიის შესაბამისი უწყებები.
სწავლების დასასრულს, მონაწილეებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ.