შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ქობულეთში, 5 ბალამდე შტორმის დროს, საქართველოს 4 და სომხეთის 1 მოქალაქე გადაარჩინეს. ბათუმში მაშველებმა საქართველოს 4 და აშშ-ს 1 მოქალაქეს, გონიოში კი - 13 წლის მოზარდს, სომხეთის მოქალაქეს მყისიერი დახმარება აღმოუჩინეს. 11 გადარჩენილიდან 2 (საქართველოს 1 და აშშ-ს 1 მოქალაქე) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მიერ გადაყვანილია სტაციონარში. შსს-ს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მყოფმა წყალზე მაშველებმა, დღეს დილიდან 11 სხვადასხვა შემთხვევაზე მოახდინეს რეაგირება, 5 ბალამდე შტორმის დროს წყალში შევიდნენ და განსაცდელში მყოფი პირები ნაპირზე გამოიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია წითელი ალმები, რაც იმის მანიშნებელია, რომ წყალში შესვლა აკრძალულია, დამსვენებლები ამ გაფრთხილებას არ ემორჩილებიან, რითაც საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარ, ისე მაშველების სიცოცხლეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: ყურადღება მიაქციეთ მაფრთხილებელ ნიშნებს, დაემორჩილეთ მაშველთა მითითებებს, არ დატოვოთ ბავშვები მეთვალყურეობის გარეშე და თავი შეიკავეთ ზღვაში შესვლისგან მანამ, სანამ არ გაუქმდება საშტორმო მდგომარეობა, რათა თავიდან იქნას აცილებული უბედური შემთხვევები. ამჟამად, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობა ნარჩუნედება - ფიქსირდება 4 ბალამდე შტორმი. როგორც კი ზღვაში შესვლა იქნება უსაფრთხო და დასაშვები, საგუშაგოებზე დაუყოვნებლივ აღიმართება თეთრი ალმები.