შსს-ს წარმომადგენლები, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. მათ სტუდენტებს ე.წ. „ბიო“-ს მოხმარების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს და აცნობეს, რომ დღეიდან ძალაში შევიდა კანონი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა.
შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსმა სოფო კილაძემ სტუდენტებს განუმარტა, რომ კანონის თანახმად იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა, შესაბამისად, მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა. შსს-ს წარმომადგენლებმა სტუდენტებისთვის საინტერესო შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. ახალგაზრდებს ე.წ. ბიონარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენის შესახებ ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე და ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ესაუბრნენ.
შსს-ს წარმომადგენლებმა სტუდენტებს ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში გადაღებული საინფორმაციო ვიდეორგოლები უჩვენეს, რომლებშიც სხვადასხვა პროფილის ექიმები ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარებით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობენ. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, მიზანი კი ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირებაა.