შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ზაზა ჩუბინიძე, იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის უფროსი რამაზ გოგელია და სამინისტროს სხვა თანამშრომლები ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში ქუთაისის 1-ლი საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. შსს-ს წარმომადგენლებმა მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს ე.წ. ბიონარკოტიკის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია გააცნეს და მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს. შეხვედრას შსს-ს სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ქუთაისის მერი შოთა მურღულია და გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ესწრებოდნენ.
შსს-ს წარმომადგენლებმა მოზარდებს კამპანიის ფარგლებში გადაღებული საინფორმაციო ვიდეორგოლები აჩვენეს, სადაც სხვადასხვა პროფილის ექიმები მოქალაქეებს ბიონარკოტიკის მიღებით გამოწვეულ საფრთხეებზე აწვდიან ინფორმაციას. მოსწავლეებთან შეხვერდაზე შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის მიერ მომზადებული საინფორმაციო რგოლის ჩვენებაც მოეწყო. ვიდეორგოლის მეშვეობით სკოლის მოსწავლეებმა იმ პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყვეს, რაც ე.წ. „ბიოს“ მოხმარებას ახასიათებს და აღნიშნული სიმპტომების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების გამოძახების აუცილებლობაზე ინფორმაცია მიიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია 24 მარტს დაიწყო. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, მიზანი კი ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირებაა. ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაიმართება.