შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრებმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის – „არა ძალადობას!“ ფარგლებში შეხვედრა გამართეს.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა: შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამართველოს უფროსმა ლევან გენგაშვილმა, შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსმა ნოდარ სააკაშვილმა, ქალთა საკონსულტაციო ცენტრ „სახლი“-ს ხელმძღვანელმა, ფსიქოლოგმა რუსუდან ფხაკაძემ, „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს შიდა ქართლის გამგეობის კომიტეტის თავმჯდომარე ლამარა შაყულაშვილმა, ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს ფსიქოლოგმა მაკა ციყელაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველმა ახალგაზრდულ საკითხებში ოთარ აბესაძემ სტუდენტებს და მოსწავლეებს კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს.
შსს-ს წარმომადგენლებმა ძალადობის შემთხვევების დროს სამართალდამცველების როლზე ისაუბრეს. ახალგაზრდებს ასევე განუმარტეს, რომ ძალადობა დასჯადია და ხაზგასმით აღნიშნეს სამართალდამცველებთან მოქალაქეთა თანამშრომლობის აუცილებლობა, რათა მათ შეძლონ ძალადობის აღკვეთა და მსხვერპლის დახმარება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შსს-ს ინიციატივით 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ ისაუბრეს. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. სამუშაო ჯგუფის წევრებმა ახალგაზრდებს განუმარტეს, რომ ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო ოჯახში ძალადობა უკვე 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა სტუდენტებსა და მოსწავლეებს კამპანიის ფარგლებში შექმნილი სოციალური ვიდეორგოლები უჩვენეს. რგოლების მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე - „112“, ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შსს-მ სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა საშუალო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში ყოველდღიურად იმართება. შეხვედრების მიზანია მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა.