შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული ანტინარკოტიკული კამპანია გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, შსს-ს წარმომადგენლები თბილისში, 173-ე სკოლის მოსწავლებს შეხვდნენ და ე.წ. „ბიო“-ს მოხმარების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული კამპანიის მიზანსა და მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. შეხვედრაზე მოსწავლეებს ასევე გააცნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შექმნილი კანონი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“.
შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსმა სოფო კილაძემ მოსწავლეებს განუმარტა, რომ კანონის თანახმად იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა, შესაბამისად, მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის წესით დაისჯება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შსს-ს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ანტინარკოტიკული კამპანია გააცნეს და მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, მიზანი კი ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირებაა. ბიონარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენის შესახებ მოსწავლეებს ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე და გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის უფროსი გიორგი ბუხრაშვილი ესაუბრნენ.
შსს-ს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ანტინარკოტიკული კამპანიის ,,არა ბიონარკოტიკს!“ ფარგლებში გადაღებული საინფორმაციო ვიდეორგოლები უჩვენეს, რომლებშიც სხვადასხვა პროფილის ექიმები ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარებით გამოწვეულ საფრთხეებზე საუბრობენ. მოსწავლეებს დაურიგდათ სპეციალურად კამპანიისთვის დამზადებული მაისურები წარწერით: „არა ბიონარკოტიკს!“