შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ბორჯომში, ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად დატბორილ სახლებსა და ქუჩებში სამაშველო, ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ. შსს-ს თანამშრომლებმა ბორჯომის ცენტრალური პარკიდან და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ე.წ. გოგირდის აბანოებიდან 40-მდე მოქალაქის ევაკუაცია განახორციელეს. ბორჯომში მობილიზებულ იქნა დამატებითი საპოლიციო და სამაშველო ჯგუფები სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სხვა ქალაქებიდან. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, 200-მდე შეტყობინებაზე მოახდინეს ოპერატიული რეაგირება.
გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება ბორჯომის ცენტრალურ პარკში, ბორჯომის პლატოზე, დაბა წაღვერსა და სადგერში. ბორჯომის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, გადადგილება შეზღუდულია.
გზის გაწმენდითი სამუშაოები ჩატარდა ბორჯომი-წაღვერის და ბორჯომი-სადგერი-ცემი-ტბა-პლატოს მიმართულებით, სადაც ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია და გზა ჩახერგა.
ამ ეტაპზე, საავტომობილო გზებზე მოძრაობა აღდგენილია. ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეზღუდულია მხოლოდ ბორჯომი-სადგერის მიმართულებით, სადაც ჩახერგილი გზის აქტიური გაწმენდა მიმდინარეობს.