შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტის „საქართველოს შსს-ს შესაძლებლობათა გაუმჯობესება ადამიანის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ტრენინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტის დანერგვის გზით“ ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონში ხორციელდება ტრენინგები დისკრიმინაციის დაუშვებლობის თემაზე.
ტრენინგს უძღვებიან შსს-ს აკადემიის, სახალხო დამცველის აპარატისა და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები და მონაწილეებთან ერთად განიხილავენ დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, რელიგიისა და შეკრების თავისუფლების, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, დისკრიმინაციის ფაქტებისა და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ტექნიკის და სხვა საკითხებს. ტრენინგში მონაწილეობას იღებენ შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის და პროკურატურის თანამშრომლები.
შსს აღნიშნულ პროექტს 2014 წლის იანვრიდან, ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ტრენინგების ციკლი დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომლებისათვის ფსიქოლოგიური, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებთან მოპყრობის თავისებურებებსა და პირველადი დახმარების საკითხებზე. პროექტი მიზნად ისახავს დროებითი დაკავების იზოლატორებში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას სათანადო პირობების შექმნით, ტრენინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტების დანერგვის გზით.