შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები - კონსტანტინე მახარაშვილი და ვასილ რევიშვილი „ბრითიშ პეტროლიუმის“ უშიშროების მენეჯერს, სანდრო ჩიტაძეს და მილსადენების უსაფრთხოების საკითხებზე BP-ს კონტრაქტორი კომპანიის -„ბაუმენ რისკ მენეჯმენტის“ კონსულტანტს, პიტერ ბინგს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი სტრატეგიული მილსადენებისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების მიმდინარე პროექტის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს. „ბრითიშ პეტროლიუმის“ წარმომადგენლები შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ცენტრალური სამორიგეოდან მილსადენების მონიტორინგის პროცესს გაეცნენ.
„ბრითიშ პეტროლიუმის“ კონსულტანტმა პიტერ ბინგმა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობასა და „ბრითიშ პეტროლიუმს“ შორის გაფორმებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტისთვის უსაფრთხოების აღჭურვილობის, ობიექტების და ოპერირების დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის რეგიონულ ბაზებზე გეგმიური მონიტორინგი განახორციელა, ასევე, დაათვალიერა სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის მშენებარე ობიექტები.