შსს-ს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დელეგაცია, დირექტორ ზვიად ქაწაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ქ.ბიშკეკში, სადაც სააგენტოს დირექტორი ყირგიზეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრს კუბატბეკ ბორონოვს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საკითხები საქართველო-ყირგიზეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესახებ, ასევე, ისაუბრეს საგანგებო სიტუაციების დროს შეტყობინების დროულად მიღების მნიშვნელობასა და საგანგებო სიტუაციებში დამდგარი რისკების აღმოფხვრის საშუალებებზე.
ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს დირექტორმა მონაწილეობა მიიღო ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და ლიკვიდაციის სფეროში უფლებამოსილი მინისტრებისა და ხელმძღვანელების, ასევე, დიპლომატიური მისიების, დონორი ორგანიზაციების, გაეროს სააგენტოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაში, რომლის მსვლელობის დროს საბოლოოდ შეთანხმებულ იქნა დოკუმენტები კატასტროფების რისკების შემცირების პროგრამის ფარგლებში, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და ლიკვიდაციის სფეროში უფლებამოსილი ორგანოების რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით.
შედეგების შეჯამების შემდეგ შედგა დელეგაციების ხელმძღვანელების გამოსვლები, სადაც სიტყვით გამოვიდა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი. მან ყურადღება გაამახვილა მიღებული განცხადების მნიშვნელობაზე, რომელიც წარმოდგენილი იქნება იაპონიის ქალაქ სენდაიში, 2015 წლის შემდგომ პერიოდში კატასტროფების რისკების შემცირების თაობაზე დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე.
სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა, საქმიანი შეხვედრა გამართა კატასტროფების რისკების შემცირების (DRR) სფეროში, აზიისა და წყნარი ოკეანის გაეროს რეგიონალური ოფისის ბიუროს ხელმძღვანელთან კან ფენგ მინთან, გაეროს კატასტროფების რისკის შემცირების (DRR) სფეროში ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის ბიუროს კოორდინატორებთან მადავი არიაბანდუსთან და აბდურახიმ მუხიდოვთან, რომელთაც სააგენტოს დირექტორმა საქართველოში საგანგებო სიტუაციების სფეროში სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგები გააცნო. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს გაეროს ოფისის მიერ, საქართველოში კატასტროფების რისკის შემცირების სფეროში თებერვლის თვეში დაგეგმილი სემინარის შესახებ. გაეროს ოფისის წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოხატეს და ურთიერთთანადგომა გამოუცხადეს საქართველოში საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში ჩასატარებელ ღონისძიებებს.