შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 182-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო. ფიცის დადების შემდეგ ჯარისკაცებმა საკუთარი საბრძოლო უნარების დემონსტრირება მოახდინეს. ღონისძიებას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი პოლიციის პოლკოვნიკი მერაბ მალანია და ამავე დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჯარისკაცები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან, შესაბამისი წვრთნების შედეგად სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებითა და კვებით. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.