საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა NATO-ს საზღვაო ძალების გაერთიანებული სარდლობის შტაბის მობილური საწვრთნელი ჯგუფი, რომელიც შეხვედრები გამართა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან.
ნატოს საზღვაო სარდლობის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში პირველად განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში, მობილურმა საწვრთნელმა ჯგუფმა ქართულ მხარეს NATO-ს საზღვაო ძალების გაერთიანებული სარდლობის მიერ წარმოდგენილი სწავლებისა და ტრეინინგების პროგრამები გააცნო. სტუმრებმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს.
ნორთვუდის სარდლობამ სანაპირო დაცვის დეპარტამენტს თანამშრომლობისთვის, მათ შორის NATO-ს ანტიტერორისტულ ოპერაცია „აქტიურ ძალისხმევაში“ მონაწილეობისა და შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე, ასევე, სამომავლო თანამშრომლობისა და ურთიერთკავშირების გაღრმავებაზეც იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართული მხარის უფრო ფართომაშტაბიანი ჩართულობის პერსპექტივებზე NATO-ს ოპერაცია „აქტიურ ძალისხმევაში“.