შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ნატოს საზღვაო ძალების გაერ...
19-12-2015

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ნატოს საზღვაო ძალების გაერთიანებული სარდლობის შტაბის მობილური საწვრთნელი ჯგუფი ეწვია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა NATO-ს საზღვაო ძალების გაერთიანებული სარდლობის შტაბის მობილური საწვრთნელი ჯგუფი, რომელიც შეხვედრები გამართა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან.

ნატოს საზღვაო სარდლობის წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში პირველად განხორციელდა. ვიზიტის ფარგლებში, მობილურმა საწვრთნელმა ჯგუფმა ქართულ მხარეს NATO-ს საზღვაო ძალების გაერთიანებული სარდლობის მიერ წარმოდგენილი სწავლებისა და ტრეინინგების პროგრამები გააცნო. სტუმრებმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს.

ნორთვუდის სარდლობამ სანაპირო დაცვის დეპარტამენტს თანამშრომლობისთვის, მათ შორის NATO-ს ანტიტერორისტულ ოპერაცია „აქტიურ ძალისხმევაში“ მონაწილეობისა და შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე, ასევე, სამომავლო თანამშრომლობისა და ურთიერთკავშირების გაღრმავებაზეც იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართული მხარის უფრო ფართომაშტაბიანი ჩართულობის პერსპექტივებზე NATO-ს ოპერაცია „აქტიურ ძალისხმევაში“.