შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს და გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ფოთის პორტის მე-5 ნავმისადგომთან, ზღვის დაბინძურების ფაქტზე ჰონკონგის დროშით მცურავი, მშრალტვირთმზიდი გემი „PACIFIC VICTOR“ დააკავეს.
გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, საქმისწარმოება ზღვის დაბინძურების ფაქტზე დაიწყო (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე პრიმა-2 მუხლის მე-7 ნაწილით). გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 65 000 ლარი და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 1870 ლარის ოდენობით. ჯარიმის გადახდის შემდეგ გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.