შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლები და ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისარი ასტრიდ თორსი ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებს – დიცს, დიდ ხურვალეთსა და ერგნეთს ეწვივნენ. მათ რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ გავლებული მავთულხლართები და ღობეები დაათვალიერეს, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.
შეხვედრის დასრულებისას ეუთო-ს უმაღლესმა კომისარმა ასტრიდ თორსმა აღნიშნა, რომ ადგილზე არსებული სიტუაცია საკმაოდ რთულია, მოსახლეობის უმრავლესობას ძალზე რთულ პირობებში უწევს ცხოვრება. მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ვალდებულია, აქტიურად ჩაერთოს მოსახლეობის დახმარების პროცესში.