შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ბაგებში, „თელასის“ ელექტროსადგურთან, მიწის რღვევა მოხდა. ადგილზე მყისიერად გამოცხადდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს ერთი სახანძრო და ერთი სამაშველო ერთეული. სააგენტოს თანამშრომლების სწრაფი რეაგირების შედეგად, დადასტურდა მიწის რღვევა და მართვის პულტის ჩავარდნის საშიშროება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „თელასის“ 23 000 აბონენტს ელექტროენერგიის გარეშე დარჩენის საფრთხე ემუქრებოდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა, სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით, შეძლეს მართვის პულტის ფიქსაცია. მათ 23 000 აბონენტი ელექტროენერგიის გათიშვისგან იხსნეს.