შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფებმა დაბა ჩოხატურში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში მომხდარი ქიმიური ინციდენტი აღმოფხვრეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამორიგეოში შევიდა შეტყობინება, რომ ჩოხატაურის რაიონში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, სავარაუდოდ, რადიაციული გაჟონვა მოხდა. სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გავიდა. სამაშველო ჯგუფების მისვლამდე, საპატრულო პოლიციის დეპატრამენტის პატრულ-ინსპექტორებმა პერიმეტრი შემოსაზღვრეს. გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ჩოხატაურის სამმართველოს თანამშრომლებმა ინციდენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს.
ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფებმა ადგილზე მისვლისთანავე უსაფრთხოების საჭირო ზომები მიიღეს, სახიფათო ზონები შეამოწმეს და ვითარება შეაფასეს. შსს-ს მაშველებმა საცხოვრებელი სახლის ეზოში ლითონის 3 ბალონი აღმოაჩინეს. მათ მიერ ქიმიური და რადიაციული საშიშროების საანალიზო სპეციალური დეტექტორებისა და ხელსაწყოების საშუალებით ჩატარებული დაზვერვითი სამუშოების შედეგად, რადიაციული საფრთხე არ აღმოჩნდა. პირველადი ანალიზით დადგინდა, რომ ლითონის ბალონებში იყო ქლორი ან ქლორის შემცველი ნივთიერება, რომელმაც გაჟონა და მოქალაქეების მსუბუქი ტოქსიკაცია გამოიწვია. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფებმა ინციდენტის ლიკვიდაცია სრულად განახორციელეს. ბალონები შესაბამისი წესების დაცვით გადაიტანეს უსაფრთხო ადგილას, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ზედამხედველობით დაიგეგმა მათი შემდგომი გაუვნებელყოფა და სრული უტილიზაცია.