შსს-ს მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული სოციალური კამპანიის – „არა ძალადობას!“ ფარგლებში, გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრაზე შს სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრები – შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი მაია ფელიშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქვემო ქართლის ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის წევრი თამარ გამცემლიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს იურისტი თეონა თხელიძე მოსწავლეებს სოციალური კამპანიის დაწყების შესახებ ესაუბრნენ. შეხვედრას ესწრებოდა შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან კვიციანი, რომელმაც მოსწავლეებს ძალადობის შემთხვევების დროს სამართალდამცველების როლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ პოლიცია ნებისმიერი ადამიანის უფლებებს ყოველთვის იცავს.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა ვახტანგისელ მოსწავლეებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია გააცნეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესული ცვლილებების შესახებ ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შეხვედრაზე ასევე გაიმართა კამპანიის ფარგლებში შექმნილი სოციალური რგოლების ჩვენება, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე - „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება. შეხვედრის ბოლოს სოციალური კამპანიის სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.
საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა საშუალო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში გაიმართება.