საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელთა ტრენინგი "მომსახურების ხარისხის სტანდარტის, სტრესისა და კონფლიქტის მართვის" საკითხებზე დასრულდა. ტრენინგზე, რომელიც შსს-ს აკადემიაში სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.
ტრენინგი მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: ეფექტიანი მომსახურება, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, პროფესიული სტრესი, კონფლიქტები და მათი მართვის სტრატეგია. სწავლებაზე მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა სხვადასხვა როლური თამაში და ლოგიკური დავალებები შეასრულეს, რომელთა დახმარებით ისინი მომავალში უფრო ეფექტურად შეძლებენ მოქალაქეებთან ურთიერთობას და პროფესიული საქმიანობის განხორციელებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მარტივი, სწრაფი, სანდო და მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული სისტემის უზრუნველსაყოფად მუდმივად ხდება თანამშრომლების სხვადასხვა სახის პროფესიული გადამზადება. შსს-ს მომსახურების სააგენტო, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მსგავსი ტრენინგების ჩატარებას მომავალშიც გეგმავს.