შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავისა და ახმეტის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სამძებრო და სამაშველო ღონისძიებების შედეგად, თელავის რაიონში, თორღვას აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ღრმა ხევში გადავარდნილი ავტომანქანის 4 მგზავრი გადაარჩინეს.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-8 კილომეტრზე, ავტომობილი, რომელშიც ისრაელის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავტომანქანის მძღოლი და მგზავრები გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდნენ.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავისა და ახმეტის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, შეტყობინების მიღებისთანავე, ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ. თორღვას ხეობაში სამაშველო და სამძებრო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მაშველებმა და პოლიციელებმა 80 მეტრის სიღრმიდან 4 ადამიანის ამოყვანა შეძლეს. დაშავებულები სტაციონარში გადაიყვანეს. ხევში ნაპოვნია 2 არასრულწლოვანის ცხედარიც, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ადგილზე დაიღუპნენ. სამაშველო ოპერაციის დროს ერთი მაშველი დაშავდა.
გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლით).