შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მაშველთა ჯგუფები ქვემო ქართლში ინტენსიური წვიმის შედეგად დატბორილი და ჩახერგილი ქუჩების გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში 14 სექტემბერს შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ დღის მეორე ნახევარში დაწყებულმა ინტენსიურმა წვიმამ ქალაქ რუსთავში, თითქმის ყველა ქუჩაზე, შენობა-ნაგებობების სარდაფების და პირველი სართულების დატბორვა გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველები შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილებზე სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით. გაწმენდით სამუშაოებში ასევე ჩაერთვნენ რუსთავის სახანძრო-სამაშველო და ქვემო ქართლის რეგიონალური სამაშველო სამსახურები. შსს-ს მაშველები ამ დრომდე აწარმოებენ ამოტუმბვით სამუშაოებს და მიმდინარეობს ჩახერგილი ქუჩების გაწმენდა.