შსს-ს ყველა თანამშრომელს დაზღვევის იგივე პირობები ექნება - შინაგან საქმეთა სამინისტრო კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივა"-ს მიერ გავრცელებულ არასწორ ცნობას პასუხობს. კოალიცია "საზოგადოებრივმა ინიციატივა"-მ მედიის საშუალებით გაავრცელა ცნობა, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელები სამედიცინო დაზღვევის გარეშე რჩებიან.
გვსურს ვუპასუხოთ აღნიშნულ განცხადებას, რომელიც მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანს ემსახურება. შინაგან საქმეთა სამინისტროს უკლებლივ ყველა თანამშრომელს 2015 წელს შეუნარჩუნდება სამედიცინო დაზღვევის იგივე პირობები, რომელიც ჰქონდათ 2013-2014 წლებში. ასევე, თანამშრომელთა ოჯახებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ მოქნილი და საიმედო სადაზღვევო პაკეტებით.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანამშრომლების სამედიცინო დაზღვევით უზრუნველსაყოფად დაიცვა კანონმდებლობის ყველა მოთხოვნა: ჩაატარა ბაზრის კვლევა, გამოაცხადა ორი ტენდერი და კონკურენტულ პირობებში შეარჩია მზღვეველი კომპანიები. მომსახურების შესყიდვა ყველაზე ოპტიმალური სადაზღვევო პაკეტების მიხედვით, 2015 წლიდან მოხდება სადაზღვევო ბაზარზე არსებული ყველაზე დაბალი ფასებით.
მოვუწოდებთ ორგანიზაცია „საზოგადოებრივ ინიციატივა“-ს, თავი შეიკავოს განცხადებების გაკეთებისგან იმ საკითხებზე, რომლებშიც არავითარი გამოცდილება არ აქვს და საკუთარი ცნობების სიზუსტე ამ საკითხზე არც კი გადაუმოწმებია. ასევე, ვთავაზობთ შსს-ს თანამშრომლების სადაზღვევო პაკეტზე თავად ჩაატაროს ბაზრის შესწავლა და მოგვაწოდოს პაკეტის ღირებულების საკუთარი შედეგები იმ პირობით, რომ თუ ის ამჟამად მიღებულ ფასზე მაღალი იქნება - ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინიციატივა“ საჯაროდ მოუხდის ბოდიშს შინაგან საქმეთა სამინისტროს.