ევროპის პოლიციის კოლეჯის (CEPOL) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის კრიმინალური პოლიციის წარმომადგენელი გეორგ შალკჰაუსერი ეწვია. ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა საქართველოს გამოცდილების გაზიარებას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებთან დაკავშირებით.
გეორგ შალკჰაუსერმა შეხვედრა გამართა შსს-ს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მიმართულებები და სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები შსს-ს სხვადასხვა დანაყოფსა და მთავარ პროკურატურაში.