შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზაზე, ამავე დეპარტამენტისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთობლივი სასწავლო კურსი - „ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციული საფრთხეების აღმოჩენა და მათზე რეაგირება“ დასრულდა. სწავლება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.
ტრენინგის ფარგლებში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ დაგეგმილი სცენარის მიხედვით, უკანონო ლაბორატორიების აღმოჩენისა და მათზე ტაქტიკური შტურმის ოპერაციებში მიიღეს მონაწილეობა. ასევე, მოეწყო დეკონტამინაციის ზონა და სპეციალური დეტექტორების საშუალებით განხორციელდა სწავლებისათვის შექმნილი ლაბორატორიების შემოწმება.
ტრენინგს ამერიკელი სპეციალისტების მიერ გადამზადებული, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.
სწავლების დასასრულს, მონაწილეთა მიერ შესრულებული სამუშაოები დამკვირვებელთა ჯგუფმა და ამერიკელმა ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს.