შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის - „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა დღის განრიგი გააცნეს, მათი საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი დაათვალიერებინეს. მოზარდებისთვის სამმართველოების ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენა მოეწყო. სკოლის მოსწავლეები ასევე გაეცნენ წვევამდელთა თეორიულ და სამწყობრო მეცადინეობას. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბავშვების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
პროექტის მიზანია მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.