შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი კონსტანტინე მახარაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს საერთაშორისო ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ჯონ ბოულსს შეხვდა, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს საერთაშორისო ოპერაციებსა და ატაშეებს კურირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ამ ორი უწყების თანამშრომლობის ფარგლებში, გამოძიების ფედერალური ბიუროს ინსტრუქტორების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის არაერთი ტრენინგი ჩატარდა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკური ჯგუფის მომზადებისა და კრიზისულ სიტუაციებში მოლაპარაკებების კუთხით. შეხვედრაზე მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო გეგმები დასახეს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა სტუმრებს სამსახურის სპეციფიკა გააცნეს. პირადმა შემადგენლობამ გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა სახის საჩვენებელი მოდელირებული სავარჯიშო ჩაატარა.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა კონსტანტინე მახარაშვილმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მადლობა გადაუხადა სტუმრებს გაწეული დახმარების, თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. ჯონ ბოულსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკული მხარის თანადგომა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი. შეხვედრის დასასრულს სტუმრებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.