შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30-მა თანამშრომელმა საბაზისო სამთო მომზადების წვრთნები დაბა გუდაურში გაიარა. ზამთრის 3 კვირიანი ტრენინგი შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საფუძველზე ჩატარდა.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თავდაცვის სამინისტროს, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით, რთულ, თოვლიან და მთიან რელიეფზე გადაადგილება, მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში ღამისთევა, თავშესაფრების და თოვლის სახლ „იგლუ“-ს მოწყობა შეისწავლეს. წვრთნების მონაწილეები, ასევე, კრიტიკულ სიტუაციაში ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა-აღმოჩენისა და დაშავებულის საკაცით ევაკუაციის მეთოდებს დაეუფლნენ და სამთო-სათხილამურო პროფესიონალური უნარ-ჩვევები აითვისეს.
მომზადების კურსის დასრულების შემდეგ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადაეცათ.