შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 238 ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, პოლიციის პოლკოვნიკი მერაბ მალანია, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე და სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
მერაბ მალანიამ ახალწვეულებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარში ჩარიცხვა მიულოცა, ხოლო წარმატებულ კურსდამთავრებულებს - სიგელები გადასცა.
შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჯარისკაცები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად, სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ასევე, სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებითა და კვებით.
სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.