2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ინდივიდუალური შეჯიბრება ძიუდოში, ქალაქ ვარშავაში საქართველოს ჰიმნით დაიხურა.
შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის წევრებმა - გურამ თუშიშვილმა და ადამ ოქრუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე უძლიერესი ძიუდოისტების ტიტული მოიპოვეს. წარმატებული ასპარეზობის შემდეგ, ქართველი სპორტსმენები ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ. გურამ თუშიშვილი - ოქროს, ხოლო ადამ ოქრუაშვილი - ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის სპორტსმენები, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების სახელით, ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ პირველობაზეც იასპარეზებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი „მებრძოლი“ 2014 წლის მაისში, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით დაარსდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად უჭერს მხარს ქართული სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას. შსს-ს სპორტული კლუბების წევრები მსოფლიო ჩემპიონატების და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორები არიან.