შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებულმა სამედიცინო პერსონალმა ბათუმში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების შესახებ ტრენინგი გაიარა.
სამდღიანი ტრენინგი ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით გაიმართა და მის ფარგლებში განხილულ იქნა თავისუფლებააღკვეთილ პირთა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებული საერთაშორისო მიდგომები, იზოლატორებში დაავადებების მართვისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის საკითხები, ასევე, არასათანადო მოპყრობის სავარაუდო მსხვერპლის გამოვლენის და გამოკითხვის თანამედროვე მეთოდები.
ტრენინგი -„ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება დროებითი მოთავსების იზოლატორებში და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა ინტერვიუების ტექნიკები“ ევროპის საბჭოს პროექტის - „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა“ - ფარგლებში ჩატარდა.
პროექტი 2019 წლის ნოემბრის თვეში დაიწყო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი აქტივობა - იზოლატორებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე, დაკავებული პირებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.