შსს-ს არქივის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების საელჩოების ერთობლივი გამოფენა – „1989 წელი“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სლოვაკეთის ელჩი რუდოლფ მიხალკა, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე პეტრ დრულაკი, ჩეხეთის ელჩი საქართველოში ტომაშ პერნიცკი, საქართველოს პარლამენტის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. გამოფენა 25 წლის წინ, 17 ნოემბერს ჩეხეთსა და სლოვაკეთის განვითარებულ „ხავერდოვან რევოლუციად“ წოდებულ მოვლენებს მიეძღვნა. შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი გამოფენის საზეიმო გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა. მან ქართველი, სლოვაკი და ჩეხი ხალხების უახლეს ისტორიაში მომხდარ გარდამტეხ და ისტორიულ მოვლენებზე ისაუბრა.
შსს-ს არქივმა გამოფენაზე საქართველოში 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენების ამსახველი ბანერები, ხოლო ჩეხეთის და სლოვაკეთის საელჩოებმა ამავე წლის 17 ნოემბერს პრაღაში მომხდარი საპროტესტო მოვლენების ამსახველი ბანერები წარმოადგინეს. 1989 პრაღაში კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ გამართული სტუდენტთა მშვიდობიანი დემონსტრაცია ძალის გამოყენებით დაშალეს, რაც, ისევე, როგორც 9 აპრილს საქართველოში, დემოკრატიული პროცესების დაწყების და დამოუკიდებლობის მოპოვების წინაპირობა გახდა. ამ მოვლენების ამსახველ ერთობლივ გამოფენაზე წარმოდგენილი მასალები მთლიანად სამი ქვეყნის საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადდა.
საქართველოს შსს-ს აკადემიის, არქივისა და ორი რესპუბლიკის წარმომადგენლების მონაწილეობით უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი პროექტი განხორციელდა: მომზადდა და წიგნის სახით ქართულ, ჩეხურ და ინგლისურ ენებზე გამოიცა პუბლიკაცია – „დისიდენტური მოძრაობა ჩეხოსლოვაკიასა და საქართველოში“; აღსანიშნავია, რომ შსს-ს არქივში ინახება ქართველ დისიდენტ რევაზ ცინცაძესთან დაკავშირებული საქმე, რომელმაც ჩეხოსლოვაკიის საბჭოთა ოკუპაცია პირველმა გააპროტესტა; ჩეხეთის „ტოტალიტარიზმის კვლევის ინსტიტუტის“ სამეცნიერო ჟურნალში პერიოდულად ქვეყნდება შსს-ს არქივის თანამშრომელთა მიერ მომზადებული სტატიები; 2013 წლის 10 ოქტომბერს გაიმართა გამოფენა – „პრაღა და თბილისი უშიშროების სამსახურების თვალით“; ამავდროულად, საარქივო ფონდების გაცნობის მიზნით, პერმანენტული ხასიათი აქვს ჩეხეთისა და სლოვაკეთის ელჩების ვიზიტებს.
აღნიშნული გამოფენა ორ დღეს გაგრძელდება, ხოლო მსგავსი ერთობლივი პროექტები და ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად განხორციელდება.