საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი ესე ს. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ესე ს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ერთ-ერთი მოადგილის სახელით, მოქალაქეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 402 კვ.მ მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 3000 ლარი.
გამოძიება ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.