შსს-ს აკადემიაში თავდაცვის სამინისტროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, დანაშაულის პრევენციის ცენტრს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრს, იუსტიციის სასწავლო ცენტრს, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის ფსიქოლოგიის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებას, აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის მოადგილე ლევან იზორია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე დაესწრნენ.
მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის ფსიქოლოგიის სფეროში არსებული მიღწევების გაზიარება, სამომავლო სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ერთობლივად განხორციელება, ამ მიმართულებით ურთიერთობის განვითარება და განმტკიცება. მემორანდუმის მონაწილე მხარეები უზრუნველყოფენ: სამუშაო ჯგუფის შექმნას; ერთობლივი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას; არსებულ, მიმდინარე პროექტებში ჩართვასა და დახმარების გაწევას; საინფორმაციო და კვლევითი რესურსების ურთიერთგაზიარებას, ასევე, ერთობლივი სამეცნიერო და პრაქტიკული კვლევების შედეგების ბაზის შექმნასა და განახლებას.