შსს-ს აკადემიაში ორგანიზაცია PH International Georgia-ს მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი -„საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია პრაქტიკაში“. სწავლებაში, რომელსაც ამერიკელი ექსპერტი უძღვებოდა, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
ოთხდღიანი ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის თეორიული საფუძვლების გაცნობა.
საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობა წარმოადგენს საპოლიციო საქმიანობის მოდელს, რომელიც გავრცელებულია დასავლეთის წამყვან ქვეყნებში და მიზნად ისახავს პრევენციული ღონისძიებების საშუალებით საზოგადოებასა და პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, დანაშაულის შემცირებას და მოსახლეობაში უსაფრთხოების შეგრძნების გაზრდას.
ტრენინგი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დაფინანსებით განხორციელდა.
სწავლების დასასრულს, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.