შსს-ს აკადემიაში, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) ორგანიზებით, ევროკავშირის ხელშეწყობით, ლტოლვილებსა და თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებულ საკითხებზე ორდღიანი სემინარი ტარდება. სემინარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელმა ნიკოლოზ სამხარაძემ გახსნეს.
სემინარზე აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრის მართვის უწყებებმა ლტოლვილებსა და თავშესაფრის მაძიებლებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.
ღონისძიებაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის, აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს, აზერბაიჯანის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები.
სემინარის თეორიული ნაწილი და პრაქტიკული მეცადინეობა შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: შერეული მიგრაცია, თავშესაფრის მიღების პროცედურები, საერთაშორისო დაცვის მექანიზმები, თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა მონიტორინგი, UNHCR-ის მიერ შემუშავებული წესები მათი იდენტიფიცირების, დაკავებისა და უფლებების დაცვის სფეროში.