შსს-ს აკადემიაში გამართული „საზღვრის ერთიანი მართვის თასის“ ტურნირის გამარჯვებული მინი-ფეხბურთში შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გუნდი გახდა. მეორე ადგილზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის და შსს-ს აკადემიის გუნდებმა გაინაწილეს. გუნდები ერთმანეთს ოლიმპიური სისტემით შეხვდნენ. საფეხბურთო ტურნირი ორ დღეს გაგრძელდა. ტურნირს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ჭანტურია დაესწრო.
„საზღვრის ერთიანი მართვის თასის“ გათამაშება ევროკავშირის ხელშეწყობით ჩატარდა. ტურნირის ორგანიზატორი საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამაა (UNDP).
ტურნირის ჩატარება „საზღვრის ერთიანი მართვის“ პროექტის საქმიანობის და პროექტში მონაწილე უწყებების კოორდინირებული და ეფექტური თანამშრომლობის წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ევროკავშირი და „UNDP“ 2009 წლიდან ხელს უწყობენ აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს დანერგონ საზღვრის მართვის ერთიანი სისტემა, მიიღონ შესაბამისი კანონმდებლობა, გადაამზადონ საზღვრის მართვის უწყებების თანამშრომლები და განავითარონ შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
„საზღვრის ერთიანი მართვის თასის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება 22 მაისს, კულტურის ცენტრ „მუზაში“ გაიმართება, რომელსაც ტურნირში მონაწილე უწყებების ხელმძღვანელი პირები და საქართველოში ევროკავშირის ოფისის და გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები დაესწრებიან.