შსს-ს აკადემიაში ევროპის საბჭოს კონსულტანტებმა შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამედიცინო პერსონალს დაკავებული პირის სამედიცინო შემოწმების დასკვნის მომზადების შესახებ პრაქტიკული ტრენინგი ჩაუტარეს.
სწავლება ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ - ფარგლებში გაიმართა.
სასწავლო კურსი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ, შსს-ს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ და შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა, უჩა პაპუაშვილმა გახსნეს.
სწავლებაში შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტში სამედიცინო მიმართულებით მომუშავე 32 თანამშრომელი მონაწილეობდა. ევროპის საბჭოს კონსულტანტებმა მათ სამედიცინო შემოწმების შედეგების ინტერპრეტაციისა და შესაბამისობის ხარისხის დადგენის საკითხები, დაზიანების ამოცნობისა და აღწერის ტექნიკა, სამედიცინო დასკვნის შევსებისა და ფოტოგრაფირების სპეციფიკა გააცნეს.
ტრენინგის მიზანი იყო შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება.