შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, თბილისის N210 საჯარო სკოლის მოსწავლეები შსს-ს აკადემიას ეწვივნენ. სკოლის მოსწავლეებს შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი შეხვდა და ესაუბრა.
ფაკულტეტის უფროსმა სტუმრებს განუმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და მოქალაქეთა უფლებების შესახებ, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით.
შეხვედრის დროს უფროსკლასელები დაინტერესდნენ, თუ როგორ ხდება შსს-ს აკადემიაში მომავალი პოლიციელების მომზადება და რა პროგრამებით მიმდინარეობს სწავლების პროცესი, რა ცოდნაა საჭირო იმისთვის, რომ გახდე პოლიციელი. აკადემიის წარმომადგენლებმა მათ კითხვებს ამომწურავად უპასუხეს, წარუდგინეს პრეზენტაცია თემაზე „სწავლება აკადემიაში“, რომელიც ითვალისწინებს როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამას. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ აკადემია.
აღსანიშნავია, რომ „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ აქტიურ ფაზაშია შესული და ხორციელდება როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების საჯარო სკოლებში, მათ შორის, არაქართულენოვან სკოლებში. უფროსკლასელთათვის ექსკურსიები ეწყობა შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, კერძოდ, მომსახურების სააგენტოში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში, სასაზღვრო პოლიციაში, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრში და შსს-ს აკადემიაში.