შინაგან საქმეთა სამინისტროს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის – „არა ძალადობას!“ ფარგლებში, საინფორმაციო ბუკლეტები უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა აჭარაში, სოფელ შუახევში დაარიგეს. ინსპექტორ-გამომძიებლებს ოჯახში ძალადობის საკითხებზე შსს-ს აკადემიაში სპეციალური ტრენინგ-კურსი აქვთ გავლილი. უბნის ინსპექტორებმა მოქალაქეებს განუმარტეს, რომ აუცილებელია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში საზოგადოების აქტიურ ჩართულობა და პოლიციასთან თანამშრომლობა.
სამართალდამცველებმა მოქალაქეებს გააცნეს, რას გულისხმობს ოჯახში ძალადობა, როგორ იცავს სახელმწიფო ოჯახში ძალადობის მსხვერპლს. უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებმა განუმარტეს მოსახლეობას, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან. მათ ინფორმაცია მიაწოდეს მოქალაქეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია განხორციელდა. ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. კამპანიის საინფორმაციო ბუკლეტში ასევე მითითებულია ცხელი ხაზის ნომერი: "112", რომელზეც ძალადობის მსხვერპლს ან ძალადობის ფაქტის მოწმე მოქალაქეს 24 საათის განმავლობაში შეუძლია დარეკოს და დახმარება ითხოვოს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ. კამპანიის ფარგლებში მომზადდა სოციალური რგოლები, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: "112" ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება.