შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ვარდიაშვილი სოციალურ-საგანმანათლებლო მედია-პროექტ „ეტალონის“ 10 წლის იუბილეს და ფინალურ შეჯიბრს თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე დაესწრო.
დავით ვარდიაშვილმა ინტელექტ-შეჯიბრის ფინალში მესამე ადგილზე გასულ, ლენტეხის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე გაგა გვიჭიანს გამარჯვებულისთვის განკუთვნილი ჯილდო გადასცა.
თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის აქტიური მხარდაჭერისთვის ტიტული - „ეტალონის ქომაგი“ მიენიჭა. სპეციალური დიპლომი შს მინისტრის მოადგილეს პროექტის ავტორმა და წამყვანმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა.
შსს-ს დაცვის პოლიცია და აკადემია პროექტ „ეტალონთან“ მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტელექტუალური განვითარების და ცოდნის გაღრმავებისთვის მომავალშიც იზრუნებს.